ერთთვიანი მოლოდინის შემდეგ გამოქვეყნებულმა დასკვნამ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა.
„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებას არ აპირებს და პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს რეკომენდაციაა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი გაიწვიონ და საჭიროების შემთხვევაში ფინანსების გამჭირვალობის მიზნით ცვლილებები უკვე არსებულ კანონებში ასახოს. კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების გაჩუმების მცდელობა, დაფინანსების წყაროების შეზღუდვის და სტიგმატიზების საფრთხე, ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამობა – დასკვნა მძიმე შეფასებებს მოიცავს. სამართლის ევროპელი ექსპერტები კანონს საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. კომისია კანონპროექტის განხილვის ფორმითაც უკმაყოფილოა. ოპოზიცია მმართველ გუნდს დასკვნის გაზიარებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნება“ კი დასკვნაში წარმოდგენილ შენიშვნებს სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკურ შეფასებებად მიიჩნევს.
რატომ არის ევროპულ სტანდარტთან აცდენილი ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნა და რომელი მუხლებით ჰგავს კანონი 2012 წელს რუსეთში ამოქმედებულ რეგულაციებს – ამ კითხვებზე პასუხი მმართველმა პარტიამ ვენეციის დასკვნიდანაც ვერ მიიღო.