მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ პირველი ტელევიზიის სამი ტელესახის, ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები გაიხსნა.
ირინა მათიაშვილმა საქართველოს რადიოში 1964 წელს დაიწყო მუშაობა, ტელევიზიაში კი 30 წელზე მეტი გაატარა. წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“, იყო არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
თინა მგალობლიშვილი საქართველოს რადიოში კონკურსის შედეგად მოხვდა, ტელევიზიაში პირველად ქართული ხალხური პოეზიის შესახებ წაიყვანა გადაცემა, შემდგომ წლებში კი ლიტერატურული გადაცემები და საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ მიჰყავდა. გარდა ამისა, მას 600-მდე კინოგმირი ჰყავს გახმოვანებული, მათ შორის მარიტა კინოფილმში „ნატვრის ხე“. სწორედ ამიტომ თინა მგალობლიშვილს ხშირად მოიხსენიებენ სამი მიკროფონის დედოფლად.
ირმა გურიელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება აქვს მინიჭებული. ის საქართველოს ტელევიზიაში ოთხი ათეული წელი მუშაობდა. საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდში დაცულია ტელერადიო სპექტაკლებში მის მიერ განსახიერებული 50-მდე როლი და 60-მდე სიმღერა, რომლის ტექსტების ავტორიც თავად არის.
წელს საქართველოს ტელევიზიას 65 წელი უსრულდება, შესაბამისად, აღნიშნული სამი ვარსკვლავის გახსნას სიმბოლური დატვირთვა აქვს.