ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გადის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება.

კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან უხვევს. ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.

მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.