თბილისში დღეიდან მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამოქმედდა.
ვაქცინაციის ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში განთავსდა. ეს არის სივრცე, სადაც მოქალაქეები აცრის გაკეთებას ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. იმუნიზაციის ცენტრში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს 16 ჯგუფი მუშაობს და ისინი დილის ათი საათიდან საღამოს რვა საათამდე შესვენების გარეშე, მათ შორის შაბათ-კვირაც მოემსახურებიან. თბილისის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით. ადგილზე მისული მოქალაქე თავადვე გადაწყვეტს, თუ რომელი ვაქცინაა მისთვის მისაღები.
ამასთან, მოქალაქეები ადგილზევე გაივლიან ექიმებთან კონსულტაციასაც.