ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ პლატფორმაზე აცრის მსურველი 5 246 მედიკოსია დარეგისტრირებული. მათგან ვაქცინაცია მედპერსონალის 3 818-მა წარმომადგენელმა ჩაიტარა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ კოვიდპანდემიის დასრულების ერთადერთი გზა, მასობრივი იმუნიზაციაა. ამირან გამყრელიძე სამედიცინო სექტორს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, მცირედით გაზრდილია კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელმაც დღეს 2,2 პროცენტს მიაღწია. ბოლო 24 საათში 12 ათასამდე ტესტი ჩატარდა, გამოვლინდა 262 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან დედაქალაქში ვირუსი 152 ადამიანს დაუდასტურდა, თბილისს მოჰყვება აჭარა და იმერეთი. ამ ეტაპზე ინფიცირების 3 781 აქტიური შემთხვევაა, 287 პირის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ისევ მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, რაშიც იგულისხმება პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და შეკრებებისგან თავის არიდება.

მოამბე