ხვალიდან, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, თუმცა აცრას ჯერ მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება მოახერხა. უკვე მეორე დღეა საიტი შეფერხებით მუშაობს და მოქალაქეებს დაჯავშნა უჭირთ. ამის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიბერთავდასხმა, შემდეგ კი მომხმარებელთა დიდი ნაკადი დაასახელა. რეგისტრაციის გასამარტივებლად, 150 სამედიცინო დაწესებულებაში ცხელი ხაზის ამოქმედებას აპირებს ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტრო. სხვა დეტალები ამ ალტერნატიულ გეგმასთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია. პრობლემა აქვს მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდსაც, სადაც ყოველდღიურად ახალი კოვიდსტატისტიკის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. ბოლო 24 საათის მონაცემები კი, ამ დრომდე უცნობია. ამჟამად არჩევანი ჩინურ „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“ შორის გვაქვს. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ და იმ მოქალაქეებს, ვინც მეორე დოზით აცრას ელოდება, ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანა ვაქცინას უახლოეს დღეებში მიიღებს. დღის ბოლოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „სინოფარმით“ ვაქცინაციისათვის რეგისტრაცია უკვე 14 ათასმა მოქალაქემ გაიარა.
მოამბე