საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მეხუთე ტალღა დაიწყო. განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მეხუთე ტალღა საკმაოდ რთულად დაიწყო. ქვეყანაში ყოველდღიურად ვლინდება ინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა. მაღალია ყოველდღიურად დაღუპული პაციენტების მაჩვენებელიც. „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებები ყოველ დღე ხდება ათობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი. გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა. „კოვიდ-19“-მა კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იზრდება კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბავშვებში. კლინიკები პატარა პაციენტებს თითქმის ვეღარ იღებენ.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად იკლებს. ადამიანები არ ჩქარობენ გაიკეთონ აცრა. ვაქცინაციის ტემპის ასაწევად დღეს სპეციალური მარათონი დაიწყო. პირველ ეტაპზე სპეციალური ჯგუფები 49 დიდ სოფელში შეხვდებიან ადგილობრივებს და ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
როგორი გათვლით იმართება ვაქცინაციის მარათონი, – ამ საკითხზე „მოამბის“ შეკითხვებს ხარისხის დარგში საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, გვანცა გასვიანმა უპასუხა.