პირველი დამაიმედებელი ნიშანი – საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ მძიმე და კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობის შემცირება დაიწყო. ყოველდღიურად იმატებს თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. პიკურ პერიოდთან შედარებით ინფიცირების დადებითი მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია. ყველა პარამეტრი მიუთითებს, რომ ქვეყანაში მეოთხე მძიმე ტალღამ გადაიარა. თუმცა, მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის ნელი ტემპია. ახლოვდება სასწავლო პროცესის კლასებში დაწყების დრო – სწავლების სკოლებში განახლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ პედაგოგების და ბავშვების ოჯახების იმუნიზაციის მაჩვენებლები იქნება.
მთელი მსოფლიო დიდი ინტერესებით აკვირდება დანიას – ევროკავშირის პირველ ქვეყანას, რომელმაც მოსახლეობის 73%-ის აცრის შემდეგ ყველანაირი შეზღუდვა მოხსნა. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ვაქცინაციის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა გაუმჯობესებული ეპიდ-ვითარების შენარჩუნებას.