განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ჩაერთნენ. პედაგოგები მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ადიკაში“ აიცრნენ და იმუნიზაციისაკენ თავიანთ კოლეგებსაც მოუწოდეს. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.
ვაქცინაციის პროცესს ამარტივებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის აცრის მოძრავი პუნქტებიც. უკვე ერთი კვირაა ამ მომსახურებით ზუგდიდელებიც სარგებლობენ. ავტობუსში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. გარდა მოძრავი ავტობუსისა, ვაქცინაცია შესაძლებელია სოფლის ამბულატორიებსა და ქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაშიც.