სოფლად ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში – შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. იმუნიზაცია შესაძლებელია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ.
საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის, მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს. კოვიდრეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეგახსენებთ, რომ წახალისების პროგრამები თებერვალშიც გრძელდება.