ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა მიაწოდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოვიდპანდემიის პირობებში ვაქცინაციის მნიშვნელობას, ასევე რეკომენდაციების დაცვას, რაც სოციალურ დისტანცირებასა და პირბადის ტარებას გულისხმობს. ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარშიც. წახალისების პროგრამით სარგებლობა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც – ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდათ. ადგილზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე კი, თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ადგილობრივების ნაწილმა ინფორმაციის მიღების შემდეგ ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.