კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ვანო სარაჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო-მოსმენა გაიმართა.
კონცერტში, რომელიც ვანო სარაჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდის, ასოციაცია „კულტურათა დიალოგისა“ და საქართველოს კულტურის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობა კონსერვატორიის სტუდენტებმა მიიღეს.
13 ვოკალისტის გამოსვლა ჟიურის წევრებმა, ქართველმა საოპერო ვარსკვლავებმა, თამარ ივერმა და ლადო ათანელმა შეაფასეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ხუთეულს სპეციალური პრიზები, მათ შორის გელა ქოქიაშვილის წიგნი „ვანო სარაჯიშვილი“ და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
დაჯილდოების ცერემონია ვანო სარაჯიშვილის მშობლიურ სიღნაღში, დეკემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.