საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების თემაა. სახელისუფლებო პარტია კიდევ ერთი ვეტოს დასაძლევად ემზადება. უმრავლესობას ამისთვის პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს. საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებულ 11-გვერდიან მოტივირებულ შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირაში განიხილავს. საკუთარ ვეტოს სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობის რისკით ხსნის და იმ ცვლილებებს არ ეთანხმება, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის კვორუმის მარტივ უმრავლესობამდე შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციაში თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოსტის გაუქმებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ამ პოზიციას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებაში, პრეზიდენტს კი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.