სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი შიდა პოლიტიკური უთანხმოების მთავარ საგნად რჩება.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევიდან და მიღებიდან ორ თვეში სადავო კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება. ინიციატორი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც საჩივარში მთავარ არგუმენტად ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლის დარღვევას ასახელებს. კანონის შეჩერების და გაუქმების მოთხოვნით სარჩელს ამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიებიც. ახლა საინტერესოა, სარჩელების მიღების შემთხვევაში როგორ წარიმართება პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც ცხრა თვის წინ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის ნორმების დამრღვევად მიიჩნია და რომელიც სახელმწიფოს მეთაურისთვის მიკერძოებული ინსტიტუციაა. სწორედ ოქტომბერში განვითარებული მოვლენების და მაშინდელი განცხადებების გათვალისწინებით, პრეზიდენტის ნაბიჯი მასთან მწვავედ დაპირისპირებული მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.