საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების თემაა. სახელისუფლებო პარტია კიდევ ერთი ვეტოს დაძლევას აანონსებს. უმრავლესობას ამისთვის პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს. საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებულ 11-გვერდიან მოტივირებულ შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირაში განიხილავს.
გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობის რისკს ასახელებს და იმ ცვლილებებს არ ეთანხმება, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის კვორუმის მარტივ უმრავლესობამდე შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციაში თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოსტის გაუქმებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ამ პოზიციას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო ადმინისტრაციაზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს. საპასუხოდ მმართველი გუნდი ოპოზიციას ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებაში, პრეზიდენტს კი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.