ომის დასასრული ახლოსაა – ამ გზავნილით ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკაში.
ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებების დროს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გამარჯვების გეგმის წარდგენას აპირებს. გეგმის დეტალები უცნობია, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტისგან ითხოვს გარანტიას, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას რუსეთთან არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას არ აიძულებენ. აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი უნდა შეხვდეს დონალდ ტრამპსაც, რომელმაც ზელენსკის ისტორიაში ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა. ბლუმბერგის ცნობით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების გეგმისგან რაიმე სახის გარღვევას არ ელოდება. პარალელურად აშშ-სა და ევროპაში კიდევ უფრო მწვავდება უთანხმოება, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის შიგნით დარტყმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვას უკავშირდება.