პროტესტის ფონზე მიღებული ცნობილი კანონის გარშემო ბრძოლა პოლიტიკურიდან სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მოქმედების შეჩერება და საერთოდ გაუქმება – ამ მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ოპოზიციაც მიმართავს. სამივე სარჩელი უკვე სასამართლოშია. ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებულ სარჩელს 38 დეპუტატის ხელმოწერა აქვს. მოსარჩელეებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო სარჩელს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედებამდე, ანუ სექტემბრამდე განიხილავს და მის მოქმედებას არჩევნებამდე შეაჩერებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით წარსულში გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებების გათვალისწინებით, მოსარჩელეების მოქმედება გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოსარჩელე პრეზიდენტი ამავე ინსტიტუციამ ათი თვის წინ კონსტიტუციის დამრღვევად სცნო.
სამართლებრივი დავის ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი, რომელიც ცოტა ხნის წინ მესამე სექტორში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა რეზონანსული კანონის მიღების აუცილებლობაში კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა. თუ ამ კვლევას დავეყრდნობით, სარჩელის ავტორი 121 არასამთავრობო ორგანიზაციიდან, გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს მხოლოდ 21 ორგანიზაცია იცავს.