საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტება

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო 26 ოქტომბრის არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებს,- ეს სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად დღის მეორე ნახევარში შეიკრიბება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ორივე სარჩელი გაერთიანდება და ერთდროულად განიხილება, თუმცა მისივე განმარტებით, მეორე, დეპუტატების სარჩელი ამ დროისთვის რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა, პრეზიდენტის სარჩელი კი უკვე დარეგისტრირებულია. მერაბ ტურავამ ასევე აღნიშნა, რომ სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს, რადგან საკითხი კანონმდებლობიდან გამომდინარე ისედაც დაჩქარებულია. რაც შეეხება ახალი პარლამენტის პირველი სხდომის 25 ნოემბერს მოწვევას, ტურავა აცხადებს, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში დაყენებული არ არის.