დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით ჩატარებული „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელშიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კვლავ განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. „ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნულ ფესტივალს ავტოკრატულს უწოდებენ და საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის უხეშ ჩარევად აფასებენ.
ფესტივალთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები უჩნდება ოპოზიციის ნაწილსაც. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კი „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავენ, რომ ფესტივალი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობას ისახავს მიზნად.