სასამართლოზე და ცალკეულ მოსამართლეებზე გააქტიურებული თავდასხმის მიღმა ხელისუფლება გარე ძალების ჩართულობის კვალს ხედავს. ბოლოდროინდელმა აქტივობებმა და ე.წ. ვეტინგის მოდელის დანერგვის მოთხოვნამ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გარკვევის თემა გაააქტიურა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციების ფულადი სახსრების მოძრაობას პოლიტიკური მიზნები აქვს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება სასამართლოს მიმართ გახშირებული კრიტიკული განცხადებები და „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენების“ შესახებ ინიცირებული შარშანდელი კანონპროექტის რუსულ კანონად გამოცხადება. ხელისუფლება დონორი ორგანიზაციების დაფინანსების ერთ-ერთ მიმართულებად აცხადებს ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერასაც. კეთდება გარკვეული მინიშნებებიც. მმართველი გუნდი რამდენიმე დონორს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაში და პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ფარულ დაფინანსებაში ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდება სამოქალაქო სექტორზე და უცხოელ პარტნიორებზე თავდასხმად ფასდება ოპონენტების მხრიდან.