ტყის ხანძრების საფრთხე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს – ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, აგვისტოს თვე, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა. ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გომბორის უღელტეხილზე, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, სახელმწიფო ტყის განაპირა ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნებიც განათავსეს და დასუფთავების აქცია მოაწყვეს.