თვითნებურად შეჭრა გარდაბნის ყოფილ საპასპორტოს შენობაში

გარდაბნის რაიონში, ყოფილი საპასპორტოს შენობაში თვითნებურად შეჭრილი ოჯახების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. 8 ოჯახი შენობაში თვითნებურად რამდენიმე დღის წინ შეიჭრა. დაცვის პოლიციამ შენობის ყველა შესასვლელი დაკეტა და შენობას 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობს. ის ადამიანები, რომლებიც შენობის შიგნით იყვნენ, გარეთ არ გამოდიან. შენობის გარეთ მყოფები კი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ. შენობაში დედასთან ერთად იმყოფება 3 თვის ჩვილიც. შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ნაგებობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გარდაბნის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ წერილობით განაცხადეს, რომ მოქალაქეები უკანონოდ არიან სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეჭრილები. მათივე განცხადებით, მერიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად შეხვდნენ მოქალაქეებს და კანონის ფარგლებში, არც ერთი მათგანი არ დარჩება დახმარების იმ მუნიციპალური პროგრამების გარეშე, რომელიც მათ ეკუთვნით.