პოლონეთში ორთვიანი პოლიტიკური გაურკვევლობა დიდი ალბათობით დასრულდება.
რვა წლის შემდეგ პოლონეთის პრემიერი ისევ დონალდ ტუსკი ხდება. ეს მას შემდეგ, რაც დღეს სეიმმა მოქმედ პრემიერს და არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერს ნდობა არ გამოუცხადა. შესაბამისად, მორავეცკიმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. ახლა პოლონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციური კოალიციის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დონალდ ტუსკის კანდიდატურას უნდა დაუჭიროს მხარი. მხარდაჭერის შემთხვევაში კი ტუსკი, სავარაუდოდ, უკვე ხვალ მინისტრთა კაბინეტს წარადგენს. ახალი პოლიტიკური მოცემულობა პოლონეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა. არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო ხმები ვერ მოიპოვა. ოპოზიცია უმრავლესობაში აღმოჩნდა.