ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. დაშავებული ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა 15 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მოძრავ სატვირთო ავტომობილს საბურავი მოძვრა და გზაზე მიმავალ მოზარდს დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, საქმის კვალიფიკაცია შესაძლოა, შეიცვალოს.