ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ეზიდთა კულტურის ცენტრში, საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიების მასპინძელი ეზიდთა საბჭო იყო. დამსწრეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, რომელმაც ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში ქართული სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრას საქართველოში არსებული 14 რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.