ქართველ მომღერალსა და პუბლიცისტ თემურ ჭკუასელს 75 წელი შეუსრულდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, თემურ ჭკუასელი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, სადაც ხალხური შემოქმედების რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო.
სწორედ პირველ არხზე, მეგობრებთნ ერთად დააარსა ანსამბლი, რომელსაც თავდაპირველად „ჟურნალისტი“ ეწოდა, მოგვიანებით კი „ქართული ხმები“. თემურ ჭკუასელი „ქართული ხმების“ პირველი თაობის წევრია დაარსების დღიდან და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ანსამბლის წარმატებებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
თემურ ჭკუასელის წერილების სერია ხალხური შემოქმედების და სხვა აქტუალურ საკითხებზე დაიბეჭდა მისი პუბლიცისტური ნარკვევების კრებულებში, გამოცემული აქვს მოთხრობები და კინოსცენარები. თემურ ჭკუასელი მე-8 და მე- 9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია. არის საქართველოს სახელმწიფო და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, კულტურის სამინისტრომ მას ხელოვნების ქურუმის წოდება მიანიჭა.