აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს შეხვდა.
ვიზიტის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში ამერიკული გამოცდილების დანერგვა და პარტნიორებისთვის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობაა. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში და ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, რომელიც სპეციალური სერვისების შეთავაზებით, პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული.
თეა წულუკიანმა აგრეთვე ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ექსტრადიციის სფეროში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი პარტნიორობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის.
ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ასევე აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს ქეთლინ ჰოკ სოიერსაც შეხვდა.