„წიგნით ევროპისკენ“ – ამ სლოგანით გაიხსნა წელს თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი. „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში წარმოდგენილია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები, ხოლო მე-5 და მე-6 პავილიონში საბავშვო წიგნები და მასთან დაკავშირებული აქსესუარები. მოწყობილია სცენა სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებებისათვის და ასევე, ბავშვთა შემეცნებითი-გასართობი კუთხე. ფესტივალი წელსაც უმასპინძლებს პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებშიც თეატრისა და კინოს მსახიობები ქართველი და უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს წარადგენენ. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ტარდება, 2 ივნისამდე გაგრძელდება.