თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პირველი სამი დღე ლეგენდარულ მოცეკვავეს, ქორეოგრაფს და მსახიობს მიხაილ ბარიშნიკოვს დაეთმობა.
მიხაილ ბარიშნიკოვი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება მონოსპექტაკლით – „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“. სპექტაკლი ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული.
მიხაილ ბარიშნიკოვმა გუშინ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გენერალური რეპეტიციაც გაიარა. დადგმისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ფესტივალის ადმინისტრაციამ რეპეტიციაზე თავისუფალი დასწრება გამოაცხადა.