პანდემია და გაუფასურებული ლარი გაზის ტარიფზეც აისახა. პირველი ივნისიდან ბუნებრივი აირი ძვირდება. ერთ კუბურ მეტრში მოქალაქეებს შვიდი თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ. კომპანია „თბილისი ენერჯი“ სემეკ-ში ტარიფის გადახედვის მოთხოვნით წარდგენილ მიმართვას ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნით ხსნის და კურსთა შორის სხვაობის გამო მიყენებულ სოლიდურ ფინანსურ ზარალზე საუბრობს. გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე მიუთითებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიაც. სემეკ-ში განმარტავენ, რომ 2019 წლის დეკემბერში დადგენილი ტარიფი 2.97-იანი კურსის მიხედვით იყო განსაზღვრული. ლარის კურსის დასტაბილურების და გამყარების გაგრძელების შემთხვევაში კომისია ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს.