რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დევი ტაბიძე, პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლის მიზეზებზე განმარტებას აკეთებს. ტაბიძის განცხადებით, შალვა შავგულიძის მხრიდან წასვლის მიზეზად იმის დასახელება, რომ ის ექიმის სტატუსით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაესწრო, უსუსური არგუმენტია. დევი ტაბიძის განმარტებით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მის გარდა კიდევ 11 ექიმი იყო მიწვეული, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა.
თავისუფალი დემოკრატებში ფიქრობენ, რომ შავგულიძისა და სხვა ლიდერების პარტიიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, სიაზე შეუთანხმებლობაა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს. ისინი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.