მუხროვანის ბაზაზე ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილი ნატო-ს სტანდარტების საყაზარმე სისტემით მოეწყობა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება.
თავდაცვის მინისტრი საპროექტო-სამშენებლო ლოკაციებს ადგილზე გაეცნო. კაპიტალური მშენებლობებია დაგეგმილი პალდოს საწვრთნელ ბაზაზეც. ირაკლი ღარიბაშვილმა მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო უნიფორმის, კვებისა და სრული ეკიპირების განახლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ცნობილია, რომ ყველა ყაზარმის კაპიტალურად გარემონტება, სასადილოებისა და სველი წერტილების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და კომუნიკაციების გამართვა იგეგმება.