ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციები ხვალ განახლდება
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე არსებული ორი რეზოლუციის ტექსტის გაერთიანებაზე კონსულტაციები ხვალ განახლდება. უმრავლესობამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. მმართველი გუნდის ინფორმაციით, საკითხის განხილვისას პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა და ოპოზიციის პასუხს ორ დღეში ელოდება.
საპარლამენტო უმრავლესობამ, ოკუპირებული რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია ორი კვირის წინ დაარეგისტრირა. ამასთან, რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა საპარლამენტო უმცირესობამაც, რომლის თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა შეიქმნას და სანქციები უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები. შეჯერების შემთხვევაში, პარლამენტში დასამტკიცებლად რეზოლუციის ერთიანი ტექსტი გავა.