ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტზე ადამიანის უფლებათა კომიტეტი იმსჯელებს

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

დღესვე დოკუმენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიაც განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად.

ასევე, რეზოლუციის პროექტის თანახმად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც პარლამენტს წარუდგენს რეგულარულ ანგარიშს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი ერთიან რეზოლუციას მიიღებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მიიღებს ერთიან რეზოლუციას ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეული პრევენციაა, რომელიც დააზღვევს ჩვენი მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და იქნება პარლამენტის პოზიციის მკაფიო დაფიქსირება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენ სასესიო კვირაში მივიღებთ ერთიან რეზოლუციას. ამით კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​21 მარტს პლენარულ სხდომაზე დოკუმენტს კენჭს უყრიან. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.