თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

საქართველო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს უერთდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს სპეციალურად გამართულ  ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვაზე. შეხვედრაზე, მიღწევებს შორის დასახელდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის ამოქმედების შემდგომ საქართველოში, ბოლო 4 წელიწადში, მწეველთა რაოდენობა 32%-დან 28 %-მდე შემცირდა. მიზანია, მაჩვენებლის მინიმუმამდე დაყვანა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებლებთან გათანაბრება,  რაც დაახლოებით 16 %-ია. ღონისძიებაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ ნაკლები მწეველი ნიშნავს ნაკლებ გულის იშემიურ დაავადებას, ინსულტსა და ფილტვის კიბოს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელიც.