ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი კიდევ ერთი ბიჭი მაშველებმა გამოიყვანეს
ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი კიდევ ერთი ბიჭი მაშველებმა გამოიყვანეს. „როიტერსის“ ცნობით, მეხუთე გადარჩენილი გამოქვაბულიდან საკაცით გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. როგორც საგანგებო შტაბში განაცხადეს, გამოქვაბულიდან გამოყვანას დაახლოებით 6 საათი დასჭირდება. როგორც მედია წერს, დღეს მღვიმეს კიდევ 4 მოზარდი დატოვებს. დანარჩენ 5 ბავშვს და მათ მწვრთნელს კიდევ ერთი ღამის გატარება მოუწევთ მიწისქვეშეთში.
შეგახსენებთ, რომ ბავშვების გამოსახსნელად სამაშველო ოპერაცია ტაილანდის ხელისუფლებამ გუშინ დაიწყო, რადგან არსებობდა მღვიმის დატბორვის რისკი. ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, „სფეის იქსის“ დამფუძნებელი, ილონ მასკი ინტერნეტით ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია მცირე ზომის წყალქვეშა ნავის გამოცდა. როგორც მასკი ამბობს, ის მზადაა კაფსულა ტაილანდში გააგზავნოს, რათა მაშველებს ბავშვების უვნებლად გამოყვანაში დაეხმაროს.