ისევ გაურკვეველია როდის და სად მოხდება სუს-ის მიერ გამოძიების ფარგლებში დაბარებული ნადიმ ხმალაძის გამოკითხვის პროცესი. უკრაინაში მებრძოლმა უწყების მიერ დაბარების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის გამოკითხვაზე ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიბარა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოკითხულია უკრაინაში კიდევ ერთი მებრძოლი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, ლაშა ჭიღლაძე. ამავე საქმეზე, სუს-ში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც. სამართალდამცავ უწყებაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 18/323-ტერორიზმის მომზადება და 315 – შეთქმულებით მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა და ამ ეტაპზე სხვა დამატებით დეტალებს უწყება არ ასაჯაროებს.