იპოთეკური სესხების სუბსიდირების პარალელურად, მთავრობა რთველის სუბსიდირებასაც გეგმავს. წელს მევენახეები რქაწითელის ჩაბარებას არანაკლებ 90 თეთრად შეძლებენ. საიდანაც მთავრობის მონაწილეობა 35 თეთრი იქნება, სწორედ ამ ღირებულებას გადაუხდის სახელმწიფო ღვინის კომპანიებს. სუბსიდირების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი, სექტორზე კორონავირუსის გავლენის შემცირება და ღვინის ექსპორტში არსებული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ინიციატივას დადებითად აფასებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც წელს მეტი ყურძნის შეძენას და წარმოების გაზრდას გეგმავენ. გადაწყვეტილებას მიესალმებიან მევენახეებიც, თუმცა მათი ნაწილი, სექტორში არსებულ სხვა გამოწვევებზე, მათ შორის საწვავის გაზრდილ ფასზე საუბრობს. სუბსიდირების პროგრამის გამოცხადებით, რთველისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. წელს ქვეყანა უპრეცედენტო რაოდენობის, 300 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება.