რაჭაში, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით მოძრავი სასურსათო მაღაზიები გაიგზავნა. ასევე, აღდგა უამინდობის გამო ორი დღით შეწყვეტილი რეგულარული ფრენები. უგზოობის მიუხედავად, ხუთი სოფლის მოსახლეობას ამ ეტაპზე არც საკვებისა და არც მედიკამენტების პრობლემა აქვს.
ვერტმფრენის დახმარებით, სოფელ ჭიორადან პაციენტის გადმოყვანა და მისი საავადმყოფოში მოთავსება მოხდა. რაჭაში, სტიქიიდან მეშვიდე დღეს, სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება, უკვე გაიხსნა რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი დროებითი საავტომობილო გზა და მიმდინარეობს სამუშაოები გარესამყაროს მოწყვეტილ ხუთ სოფელთან საავტომობილო გზის აღსადგენად.