რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრის მანძილზე, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა. მძიმე ტექნიკა აგრძელებს 128-ე და 129-ე კმ-ზე დროებითი გზის მოწყობის და გეოდეზიურ სამუშაოებს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკაა ჩართული. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა შვიდ სოფელთან.
ჯერჯერობით ხუთი სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში უკვე ჩავიდნენ ექიმები, რომლებიც მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ხვალიდან კი ვერტმფრენების საშუალებით მოძრავი სასურსათო მაღაზიები დაიწყებენ გადაადგილებას იმისთვის, რომ ადგილობრივებმა საჭირო პროდუქტები შეიძინონ. ხუთ სოფელს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება. ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ამინდის გაუარესების გამო, გუშინდელი დღიდან ფრენები ონის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებულია.