ჭუბერი სტიქიის ზონად რჩება. გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილ სოფელში ამ წუთებშიც წვიმს, რის გამოც ადიდებულმა მდინარე ნენსკრას დონემ კიდევ უფრო იმატა.
ზარალი მასშტაბურია – წაღებულია ხიდები, სამანქანო გზები, დანგრეულია ინფრასტრუქტურა და დაზიანებულია 21 საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთი სახლის ნაწილი წყალმა ჩვენი გადამღები ჯგუფის თვალწინ წაიღო.
ამინდის გაუარესების და უხვი ნალექის გამო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერ ვერ იწყება. სტიქიის ეპიცენტრში საგანგებო შტაბი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებიც პერიოდულად რისკების და საფრთხეების შესაფასებლად მონიტორინგს ატარებენ. სპეციალისტებმა ადიდებული მდინარის ცალკეულ უბნებზე მეწყრული პროცესებიც დააფიქსირეს.
ირმა ჭოლაძე მუშაობს სტიქიის ზონაში.