მესტიის რაიონის სოფელი ჭუბერი სტიქიის ეპიცენტრად რჩება.
დასახლების ერთი ნაწილი და ჭუბერის თემის რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ და მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ წაიღო ხიდები, სამანქანო გზები, დანგრეულია სამი სახლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მიწის ნაკვეთები და დახოცილია შინაური პირუტყვი.
კალაპოტშეცვლილ მდინარეში დღის ბოლოს წყლის დონემ შედარებით იკლო. დაშავებულები არ არიან, სტიქიის ზონებიდან მოსახლეობა გაყვანილია. სტიქიური პროცესები ჭუბერიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ გააქტიურდა.
ადგილობრივთა ნაწილი ფაქტს “ნენსკრაჰესის” მშენებლობას უკავშირებს, თუმცა კომპანიის განმარტებით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეა, შეჩერებულია.
სტიქიის ზონაში “მოამბის” რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს, პირდაპირი ჩართვა ჭუბერიდან, ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.