სტიქია შოვში - ოპოზიციის მოთხოვნა

რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო, ოპოზიცია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას კიდევ ერთ მოთხოვნას უმატებს. „ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ყოფილ მმართველ პარტიას ვახტანგ გომელაურთან ხუთი შეკითხვა აქვს, რომლებიც ძირითადად დამანგრეველი სტიქიის უმძიმეს შედეგებზე რეაგირებას ეხება. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, წლების წინ გაკეთებული განცხადებების ფონზე, რატომ არ იყო ადგილზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟებული და რატომ არ მიმართა მთავრობამ სამაშველო ოპერაციაში დახმარების თხოვნით მეზობელ ქვეყნებს.

ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში რჩება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაც, რასაც მმართველი გუნდი გამოძიების მსვლელობისას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. კომისიის ფორმირებას ოპოზიციის ნაწილიც არ ემხრობა.