სოციალური მუშაკების დიდი ნაწილი ქუჩაში გავიდა. თბილისთან ერთად, საპროტესტო აქციები და გაფიცვა რეგიონებშიც დაიწყო. ამ ფორმით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და პირველ რიგში კადრების დამატებას და ხელფასების ზრდას მოითხოვენ.
როგორც გაფიცულები ჰყვებიან, ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარების მომსახურება საკუთარი ხარჯებით და ტრანსპორტით უწევთ.
სოციალური მომსახურების სფეროს რეფორმირების საკითხი დღის წესრიგში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გააქტიურდა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი რეფორმის ვადები სფეროში დასაქმებულთა უმრავლესობისთვის მიუღებელია.