ბულინგისა და ძალადობის პრობლემა სკოლებში - დეპუტატების კითხვებს განათლების მინისტრმა უპასუხა
სკოლებში ბულინგისა და ძალადობის პრობლემა – ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები დაუსვეს მიხეილ ჩხენკელს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ეს პრობლემები, მასშტაბებიდან გამომდინარე, კომპლექსური მიდგომით უნდა აღმოიფხვრას.
ჩხენკელის თქმით, პირველ რიგში, ამ საკითხებთან დაკავშირებით გაძლიერდება თავად მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირებულობა. შესაბამისი ფლაერები უკვე დაბეჭდილია, რომლებიც ფსიქოლოგების მიერაა შედგენილი. ამასთან განახლდება სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურა და მოიმატებს სპორტული აქტივობები.
საკანონმდებლო დონეზე გადაიხედება მანდატურების ფუნქციებიც. ასევე, მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის ჩამოყალიბდება მჭიდრო კავშირი. ამასთან, ყველა სკოლაში იქნება მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგი, რათა მოხდეს ასეთი შემთხვევების დასაწყისშივე იდენტიფიკაცია და პრობლემების პრევენცია.