მიხეილ ჩხენკელი - სერტიფიცირებული მასწავლებლებლების ხელფასზე დანამატები იმ საათების პროპორციულია, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში აქვთ
მიხეილ ჩხენკელი - სერტიფიცირებული მასწავლებლებლების ხელფასზე დანამატები იმ საათების პროპორციულია, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში აქვთ

ანაზღაურების სამართლიანი სისტემა გულისხმობს, რომ ანაზღაურება მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს რეალურ სამუშაოს, ანუ იმ საათებს, რომლებიც აქვს მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში, – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ სერგო რატიანის კითხვას, რომელიც სერტიფიცირებული მასწავლებლების შრომის ასაზღაურების წესს შეეხება.

„სერტიფიცირებული მასწავლებლებლების ხელფასზე დანამატები ამჟამად იმ საათების პროპორციულია, რომლებიც მათ საგაკვეთილო პროცესში აქვთ. როგორც აღმოჩნდა ბევრი სერტიფიცირებული მასწავლებელი, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ იღებს სრულ დატვირთვას. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტებში და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოცდის ჩაბარება არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი უკვე არის უმაღლესი ხარისხის პედაგოგი.

„ზოგადად სამინისტროს პოზიცია არის დეცენტრალიზაცია, ამიტომ მასწავლებლებისთვის საათების განაწილების გადაწყვეტილებას იღებს სკოლა და მე ვემხრობი ამ მოდელს. სკოლას ისევე, როგორც უნივერსიტეტებს, უნდა ჰქონდეთ თავისი ავტონომია ასეთი გადაწყვეტილებების დროს. კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გამოცდის ჩაბარება არ ნიშნავს, რომ ეს მასწავლებელი უკვე არის უმაღლესი ხარისხის პედაგოგი. რადგან კვალიფიკაციის შეფასების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუ როგორ მიაქვს რეალურად ეს ცოდნა მასწავლებელს მოსწავლემდე, ის უნდა შეფასდეს, რა ხდება საკლასო ოთახში, როგორ უღვივებს მასწავლებელი მოსწავლეს სწავლის წყურვილს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი ამ კომპონენტში არ იყო მაღალი ხარისხის და სკოლის კათედრამ ჩათვალა, რომ მას ის საათები ამ ეტაპზე არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ასეთმა მასწავლებლებმა მიაღწიონ ამ მაღალ ხარსისხს.  ეს იქნება პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე დამყარებული ტრენინგების გაძლიერება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, რის მეორე საფრთხე. კერძოდ, თუ სამინისტრომ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასზე დანამატი მისცა საათებისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ზოგიერთმა სერტიფიცირებულმა მასწავლებელმა გადაწყვიტოს, რომ მას არ სურს სრული საათების ქონა ან დაიკლოს საათები.

„სკოლა იძულებული იქნება, სერტიფიცირებული მასწავლებლის მაგივრად შეიყვანოს უფრო ნაკლები კვალიფიკაციის მასწავლებელი იმ საათებზე, რაც რა საკვირველია დაარტყავს ხარისხს. ამიტომ ეს საკითხი მოსაფიქრებელია. მათ შორის სქემაც, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია და დეტალებს მალე მოგაწვდით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი