ორ წელიწადში საქართველოში სისხლის დონაცია სრულად უანგარო იქნება. 2025 წლის პირველი ივლისიდან ქვეყანაში სისხლის ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება იკრძალება. სპეციალისტები ცვლილების აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ ფინანსურად დაინტერესებულმა დონორმა, შესაძლოა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დამალოს. ეს კი სისხლის მიმღებ პაციენტს საფრთხეს უქმნის. სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველოში განხორციელებული დონაციიდან უანგარო მხოლოდ 37 % იყო. იმისთვის, რომ სისხლის რეგულარულ უანგარო დონაციაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, ქვეყანაში მასშტაბური ეროვნული კამპანია უკვე დაიწყო.