პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კიდევ ერთმა დაანონსებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ.
სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდის და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის ნიშნების შემცველ სატელევიზიო პროდუქტზე რეაგირება, კონკრეტული მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გარდა, შესაძლოა სხვა მექანიზმითაც მოხდეს. ეს კი ნიშნავს, რომ პირს უფლება ექნება, სადავო მასალაზე რეაგირების მიზნით, ჯერ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიმართოს, შემდეგ კი გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ან სასამართლოში გაასაჩივროს, რის საშუალებასაც დღეს მოქმედი კანონი არ იძლევა.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ავტორი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს კანონ-პროექტის დასრულებამდე კონსულტაციებს სთავაზობს. შემაკავებელი მექანიზმის ამოქმედებას მხარს უჭერენ რამდენიმე ევროპული ქვეყნიდანაც, გასხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ინიციატივის მიღმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავს და მისი ჩაგდებით იმუქრება.