სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

ცვლილებებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

მოქალაქეებს პროგრამით სარგებლობისას ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. პაციენტი თანაგადახდის პრინციპით დამატებითი სერვისებით ისარგებლებს და ამის გამო პროგრამის დატოვება აღარ მოუწევს. საუბარია ისეთ დამატებით მომსახურებაზე, რისი ანაზღაურებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ხდება. იგულისხმება საკუთარი სურვილით ექიმის ან ექთნის აყვანა, პალატის და სახარჯი მასალების არჩევა, ანუ ე.წ. ვიპ-მომსახურება. ასეთ შემთხვევაში მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან მხოლოდ მითითებული სერვისების თანხას გადაიხდის, ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე კი სახელმწიფო დაფინანსება გავრცელდება. ახალი რეგულაცია იმოქმედებს სამშობიარო კლინიკებშიც. სიახლეა კოვიდ-პანდემიის დროს ფინანსური დარღვევების და სამედიცინო პერსონალზე დანამატების გაუცემლობის გამო დაჯარიმებული კლინიკებისთვისაც. კონკრეტული პირობის დაცვის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს ჯარიმები ჩამოეწერებათ.