შოვის ტრაგედია - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა

ექვსთვიანი კვლევების შემდეგ შოვის ტრაგედიაზე საბოლოო დასკვნა მზად არის.

სტიქიური უბედურების ზონაში ახალი ინფრასტრუქტურის გაშენება და არსებული შენობების ფუნქციონირება უნდა აიკრძალოს – ასეთია მთავარი რეკომენდაცია. საუბარია 26 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც 3 აგვისტოს ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწის ტალახოვანმა მასამ დაფარა. 69-გვერდიანი დოკუმენტის მომზადებაში შვეიცარიელი ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები. მყინვარის და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, წვიმა და ბუბისწყლის ხეობაში კლდეზვავის მოწყვეტა დამანგრეველი სტიქიის მთავარ მიზეზებად სახელდება. კატასტროფული ხასიათის გლაციალური ღვარცოფის წარმოქმნაში კვლევამ ადამიანური ზემოქმედების ფაქტორი გამორიცხა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის ავტორები მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე შოვში გადაადგილების წესების შემუშავებას და გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ. კვლევაში პირდაპირ წერია, რომ მომავალში ბუბისწყლის ხეობაში შესაძლოა გაცილებით მასშტაბური სტიქია განვითარდეს.